logo
ENG



Freedom House: მშვიდობიანი შეკრება დაცული უნდა იყოს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლისგან

09 მარ 202301:49
3 წუთის საკითხავი
 
Freedom House: მშვიდობიანი შეკრება დაცული უნდა იყოს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლისგან
ვახო ქარელი/ფორმულა

Freedom House საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას კანონპროექტების გადახედვისკენ კვლავ მოუწოდებს. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ.

"შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის უცხოელი აგენტების კანონპროექტის გარშემო ძალადობის გამო. მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლება დაცული უნდა იყოს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლისგან. ჩვენ ასევე ვიმეორებთ ჩვენს შეშფოთებას უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებულ კანონებთან დაკავშირებით და კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს კანონპროექტებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს შლიან, დაიწყეს მოქალაქეების დაკავებებიც. სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.

ცოტა ხნის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს აცხადებს, რომ ამ ქმედებებს აღკვეთენ.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

ამ დროის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.


close დახურვა