დიდი ოცეულის სამიტის წევრებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე შეთანხმების მიღწევა შეძლეს. ინდოეთის პრემიერმინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, რომელიც სამიტს თავმჯდომარეობს, ისინი სხვადასხვა საკამათო საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დოკუმენტში რუსეთის ქმედებების დაგმობაზე საუბარი არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა ხალხს ტანჯვა მოუტანა.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებით აღვნიშნავთ ადამიანთა უზარმაზარ ტანჯვასა და ომებისა და კონფლიქტების უარყოფით გავლენას მთელ მსოფლიოში", - ნათქვამია უკრაინისადმი მიძღვნილი კომუნიკეს პირველ სტრიქონში.
გარდა ამისა, G20 დეკლარაციით მოუწოდებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას, დაიცვან გაეროს წესდება, ასევე, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებაზე მუქარისგან და არ დაარღვიონ სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი.
სამიტი დელიში 9-10 სექტემბერს იმართება. დეკლარაციის სრული ტექსტი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.