logo
ENG



GDI, ISFED და HRC მთავრობას მიმართავენ - პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების თაობაზე

02 ივლ 202016:32
3 წუთის საკითხავი
 
9en8kkfufwlseag.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნები“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტი“ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მიმართავენ დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებით რა სამართლებრივი რეალობა იარსებებს 15 ივლისის შემდგომ. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების არსებობა/არ არსებობის თაობაზე საზოგადოების დროულ ინფორმირებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას საარჩევნო წელი და პროცესები ანიჭებს, ვინაიდან საარჩევნო პროცესის სრულფასოვანი წარმართვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პანდემიასთან ბრძოლის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე. 

პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების საკანონმდებლო საფუძველს ვადა 2020 წლის 15 ივლისს ეწურება,  საზოგადოებისთვის კი უცნობია, თუ რა სამართლებრივი რეალობა იარსებებს ამის  შემდგომ. ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტში არ ფიქსირდება ახალი კანონპროექტი ვადის გაგრძელების ან საკითხის სხვაგვარად მოწესრიგების შესახებ.  შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიწყოს აქტიური განხილვა აღნიშნული საკითხის შესახებ და მიაწოდოს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია. 

საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ COVID 19 - ის გავრცელების თავიდან აცილების  მიზნით საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა, რითაც საქართველოს მთავრობას მიეცა შესაძლებლობა, კვლავ დაეწესებინა შეზღუდვები მთელ რიგ კონსტიტუციურ უფლებებზე, მათ შორისაა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, მიმოსვლა,  საგანმანათლებლო პროცესი და სხვა. 

მიღებული კანონი ითვალისწინებს გარკვეულ დათქმებს უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დელეგირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, კანონის საბოლოო ვერსიაში არაა ასახული მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის საფუძვლები და ფარგლები თავად კანონით განისაზღვროს. 

პრობლემას წარმოადგენს ასევე ის, რომ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს მთავრობას შეუძლია ისევ დაადგინოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული რეგულაციებისგან განსხვავებული წესები. ამგვარად, მიღებული ნორმები არა მხოლოდ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით უშვებს ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვას, არამედ მთავრობას ანიჭებს შესაძლებლობას, იმგვარი შემზღუდველი წესები დაადგინოს, რომელიც განსხვავდება/ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას და  კანონით დადგენილ წესებს. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის კანონის უზენაესობის პრინციპთან, რამეთუ ამ პრინციპიდან გამომდინარე, მთავრობის დადგენილებებსა და სხვა კანონქვემდებარე აქტებს ვერ მიენიჭება უპირატესობა კანონებთან მიმართებით და ვერ ჩაანაცვლებენ კანონს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მთავრობის დადგენილებით არ შეიზღუდოს ადამიანის უფლებები, არამედ ასეთი  რეგულაციები კანონში გაიწეროს“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა