logo
ENG



GDI: ECHR-მა 5 ივლისის ძალადობის საქმეს შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა მიანიჭოს

05 ივლ 202211:02
3 წუთის საკითხავი
clock 880
GDI: ECHR-მა 5 ივლისის ძალადობის საქმეს შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა მიანიჭოს
Euronews Georgia

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ძალადობაზე თბილისი პრაიდის სარჩელი განსახილველად მიიღო. 

ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, ECHR-მა აღნიშნა, საქმეს შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა მიენიჭოს (The Court considers that these application may become an impact case).

საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებული ჰომოფობიური ძალადობას, თავდასხმებს და მუქარას ლგბტქი+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ. განმცხადებლები ორგანიზაცია Tbilisi Pride და მისი ხელმძღვანელები არიან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ჰომოფობიური და სიძულვილის მოტივით იდევნებოდნენ. 

მოსარჩელეები ითხოვენ ხელისუფლების უმოქმედობის და არაეფექტური რეაგირების გამო კონვენციით გარანტირებული უფლებების, კერძოდ კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის დადგენას.

"აღსანიშნავია, რომ სასამართლომ საქმე ყველა მუხლთან მიმართებით დააკავშირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა 2022 წლის 13 ოქტომბრამდე ვალდებულია, გასცეს პასუხი სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს საჩივარში წამოჭრილ ყველა საკითხის ირგვლივ. მათ შორის,  სასამართლოს აინტერესებს, ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრების განცხადებებმა ის ძალადობა, რომელმაც იფეთქა 2021 წლის 5 ივლისს და რამდენად შეასრულა სახელმწიფომ მასზე ნაკისრი პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებები.

ამასთანავე, სასამართლომ დააკმაყოფილა GDI-ს  შუამდგომლობა და მთავრობას დაავალა,  5 ივლისის უსაფრთხოების გეგმისა და შიდა მასალების წარმოდგენა, რომელიც ეხება შსს-ს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას სადავო მოვლენების (2021 წლის 1-ლი და 5 ივლისის) წინ". - წერს GDI. 

ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ დღეს, ერთი წლის თავზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დასრულებულია, თუმცა, პასუხი არ უგია  ძალადობის არც ერთ ორგანიზატორს, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წარდგენილი, მინიმალური სანქციები შეეფარდათ.

“თბილისი პრაიდის” და ლგბტქი+ აქტივისტების უფლებებს ევროსასამართლოს წინაშე GDI იცავს. 

ამ სარჩელთან ერთად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ასევე განიხილავს TI-ის საჩივარს, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სირცხვილიას ოფისზე თავდასხმასა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას ეხება.


close დახურვა