logo
ENG



GDI: გრიგორიადისის სისხლისსამართლებრივი დევნა ოცნების პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია

01 აპრ 202313:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/01/4a3fh8a13lva9y9.jpg

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის ბრალდებასა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას წინ უსწრებდა პრემიერმინისტრის მხრიდან აქციის მონაწილეთა, მათ შორის ახალგაზრდების უმკაცრესად დასჯის მუქარა და მათი დემონიზება.

GDI მიუთითებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა ჰომოფობიური, პროპაგანდისტული განცხადება.

"მიგვაჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის სისხლისსამართლებრივი დევნა წარმოადგენს ქართული ოცნების პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილსა და პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღს. ხელისუფლების მხრიდან ლაზარეს სისხლისსამართლებრივ დევნას, მათ შორის, შესაძლოა ჰქონდეს აქციაზე მყოფი ახალგაზრდების მიმართ შურისძიების მიზანი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათი თქმით, დღემდე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან 2023 წლის 7-8 მარტის აქციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულების სამართლებრივი შეფასება არ მომხდარა, მათ შორის არ გამოვლენილან და დასჯილან პოლიციელები არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობის შესაძლო დანაშაულებზე.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.


close დახურვა