logo
ENG



GDI: ლგბტქ პირებზე თავდასხმა მიუთითებს შსს-ს არასაკმარის ძალისხმევაზე, აღკვეთოს ძალადობა

16 მაი 202112:41
3 წუთის საკითხავი
 
GDI: ლგბტქ პირებზე თავდასხმა მიუთითებს შსს-ს არასაკმარის ძალისხმევაზე, აღკვეთოს ძალადობა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა დედაენის ბაღში ლგბტქ აქტივისტებზე გუშინდელ თავდასხმას ეხმიანება და შსს-ს რეაგირებას არასაკმარისს უწოდებს.

GDI-ში აცხადებენ, რომ უწყებას არ მოუხდენია შესაბამისი რეაგირება არც სამართალდარღვევის აღკვეთის და არც პასუხისგების საკითხში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჰქონდეს მყისიერი რეაგირება სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე, როდესაც საფრთხე ექმნებათ ინდივიდებს და ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი.

„გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ღირებულებაა, რომლის ფარგლებშიც არსებობის უფლება მათ შორის არადემოკრატიულ და საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ სიძულვილით განმსჭვალულ მოსაზრებებსაც აქვთ. თუმცა მაშინ, როდესაც ამგვარი შეხედულებები გადადის აქტიურ მოქმედებაში  და ზიანდება ადამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობა ან მათი საკუთრება, სახელმწიფოს უჩნდება არათუ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება, დაიცვას ადამიანები ამგვარი თავდასხმებისგან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დედაენის ბაღში აქტივისტებმა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით 15 მაისს პერფორმანსი მოაწყვეს - ადგილზე მიიტანეს ცისარტყელას ფერებში მოხატული ინსტალაცია  Welcome to the Closet რომელშიც მუსიკა იყო ჩართული. 

გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია დააზიანა, შეკრებილებს მიაყენა სიტყვიერი შეურახყოფა. Tbilisi Pride-ის ინფორმაციით, თავს დაესხა აქტივისტებსაც. 

გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდა. აქტივისტები მოუწოდებენ შსს-ს, დააკავოს ფალავანდიშვილი.


close დახურვა