logo
ENG



GDI: ქვეყანაში აქტივისტთა პოლიტიკური მოტივებით დასჯის ტენდენცია ძლიერდება

02 ნოე 202115:50
3 წუთის საკითხავი
 
GDI: ქვეყანაში აქტივისტთა პოლიტიკური მოტივებით დასჯის ტენდენცია ძლიერდება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აქტივისტთა უფლებების შელახვის და მათი პოლიტიკური მოტივებით დასჯის ტენდენცია ძლიერდება.

მათი განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დღეს, ზუგდიდში, პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და პატიმრობა შეუფარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებსა და აქტივისტებს, მას შემდეგ, რაც გიორგი მუმლაძესა და ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატ მამუკა წოწერიას შორის შელაპარაკება მოხდა. 

„კითხვებს აჩენს ზუგდიდში მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლების დაკავება მაშინ, როდესაც პოლიციას მსგავსი რეაგირება არ ჰქონია შელაპარაკების მეორე მხარის (ქართული ოცნების კანდიდატის) მიმართ. ამასთანავე, აქტივისტები საარჩევნო უბანთან არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფებოდნენ, რის ფონზეც ჩნდება ეჭვი, რომ დაკავება ემსახურებოდა სადამკვირვებლო საქმიანობის ხელშეშლასა და პოლიტიკურ მიზანს" - აცხადებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა. 

GDI ასევე ეხმიანება ბოლო დღეების მანძილზე თბილისსა და ქუთაისში იმ აქტივისტების დაკავების სერიას, ვინც მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და/ან თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა. განცხადებაში ასევე საუბარია გირჩი - მეტი თავისუფლების წევრის და გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატის, იმედა კლდიაშვილის დაკავებაზე. კლდიაშვილმა სუს-ის მხრიდან იმ პირზე ზეწოლა გააპროტესტა, ვისაც, მისი თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია.

ქუთაისსა და თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციების მონაწილეთათვის თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის აზრით, აჩენს ეჭვს, რომ დაკავებას პოლიტიკური მოტივები ჰქონდა. 

აღსანიშნავია, რომ ამ დაკავებათა უმრავლესობას საფუძვლად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლები უდევს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. GDI-ს ცნობით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ პოლიცია და სასამართლო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ შესაზღუდად, ყველაზე ხშირად, სწორედ ამ ნორმებს მიმართავს.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ფაქტებს კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ ხელისუფლების რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებად მიიჩნევს. GDI სასამართლოს მოუწოდებს, დაკავებულთა საქმის განხილვისას გაითვალისწინოს მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ გამოიყენოს რეპრესიულ იარაღად.

„მოვუწოდებთ სასამართლოს, უარი თქვას დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეპრესიულ იარაღად გამოყენებაზე და დაკავებულთა ქმედებები შეაფასოს გამოხატვის თავისუფლებისა და მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ასევე მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს კრიტიკის ჩასახშობად იმავე კოდექსის ბოროტად გამოყენება, რაც სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზირების ნათელი მაგალითია და ამცირებს მათ მიმართ საზოგადოების ნდობას“ - წერია GDI-ს განცხადებაში.

 


close დახურვა