საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია აცხადებს, რომ "ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები გამომცემლობებსა და ცალკეულ წიგნებზე აგრესიული პირების, მედიის თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან".
მათი თქმით, ამ მოცემულობაში განსაკუთრებით საგანგაშოა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის ნებისმიერი განცხადება, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებად აღიქმება.
GPBA მოუწოდებს ხელისუფლებას, აგრესიული რიტორიკის ნაცვლად აქტუალური პრობლემების მოგვარება დაისახონ მიზნად.
"30 წელზე მეტია, რაც საქართველოში მოქმედი წიგნის გამომცემლობები ქვეყნის წინსვლას ვემსახურებით. ამ ხნის განმავლობაში ბევრი სირთულე დავძლიეთ, რომ შინ თუ გარეთ, მთელი მსოფლიოს თვალში, საქართველო თანამედროვე ტოლერანტულ სახელმწიფოდ წარმოჩენილიყო.
სამწუხაროდ, "ჩაკეტილი საზოგადოების" მძიმე მემკვიდრეობა კვლავაც ხშირად იჩენს თავს. ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები გამომცემლობებსა და ცალკეულ წიგნებზე აგრესიული პირების, მედიის თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან. ამ მოცემულობაში განსაკუთრებით საგანგაშოა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის ნებისმიერი განცხადება, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებად აღიქმება.
გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ გამოხატვის თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო აგრესიულ თავდასხმებთან. წიგნი და ლიტერატურა რეალობის ამსახველი ცოცხალი პროცესია, რომელიც წარმოუდგენელია მრავალფეროვნების გარეშე. სწორედ ეს მრავალფეროვნება აერთიანებს და აძლიერებს დღეს საქართველოს წიგნის საგამომცემლო სექტორს.
სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ავტორს, მთარგმნელს, გამომცემელს, რომელიც ტენდენციური, შეურაცხმყოფელი ქმედებების გამო დაზარალდა.
მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, აგრესიული რიტორიკის ნაცვლად აქტუალური პრობლემების მოგვარება დაისახონ მიზნად, რომელთა შორის წიგნიერებისა და განათლების ხელშეწყობის საკითხი უპირველესია. რა თქმა უნდა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ყოველთვის მზად იქნება კონკრეტული ინიციატივების განხილვისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.