საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Human Rights Watch საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციისა და სხვა ძალების ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა.
ორგანიზაცია საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის სასტიკი ძალადობის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.
Human Rights Watch აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით აკავებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და დაუნდობლად ეპყრობოდნენ პოლიციის ავტომობილებსა და განყოფილებებში.
ორგანიზაცია პოლიციის მხრიდან დაზარალებულებზე დაყრდნობით წერს, რომ აქციაზე დაკავებულებმა მიიღეს ტვინის შერყევა, ცხვირის, სახის ძვლების და კიდურების მოტეხილობა და სხვა ტრავმები. ამასთან, პოლიციელები აღჭურვილი იყვნენ დამცავი საშუალებებით, შავი ნიღბებით და არ ჰქონდათ არანაირი ამოსაცნობი ნიშანი.
ანგარიშის მიხედვით, ოცნებამ ასობით მომიტინგეს ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დასდო, ხოლო რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, დაკავებულების საქმეების განხილვა ზედაპირული იყო.
HRW-ი ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სპეცრაზმელები და სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან კავშირის მქონე აგრესიული პირები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მიმდიანარე მოვლენების გაშუქებაში ხელი შეუშალეს.
"ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ცემის, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება", - ვკითუხლობთ Human Rights Watch-ის ანგარიშში.