logo
ENG



Haqqin: აზერბაიჯანის დასაბომბად სომხეთს ყუმბარმტრყორცნები საქართველოს გავლით მიაწოდეს

20 ივლ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin.az წერს, რომ აზერბაიჯანული პოზიციებისა და სოფლების დასაბომბად, სერბეთმა  სომხეთს ყუმბარმტრყორცნები საქართველოს ტერიტორიის გავლით მიაწოდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ კამაზის მარკის მანქანებით გრადის სისტემებისთვის განკუთვნილი  მოწყობილობები და ტყვიამფრქვევების მასალა  სომხეთში საქართველოს გზით რუსეთიდანაც ჩაიტანეს.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ბაქოში სერიოზული აღშფოთება და გაუგებრობა გამოიწვია იმან, თუ როგორ დაუშვა საქართველომ თავის ტერიტორიაზე სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან დაპირისპირებისთვის განკუთვნილი იარაღის გატარება.

სარედაქციო წერილში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, არაერთხელ გაუწია დახმარება, როგორც აგვისტოს ომის, ასევე ელექტრო და გაზსადენებზე მომხდარი დივერსიის დროსაც, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ზამთარში უშუქოდ და გათბობის გარეშე დარჩენა ემუქრებოდა.

სტატიაში უკმაყოფილებაა გამოთქმული, რომ სანაცვლოდ საქართველოსგან აზერბაიჯანი იღებს მტრისთვის იარაღის პარტიის გატარებას, პროვოკაციებს დავით გარეჯაში, ნარიმან ნარიმანოვის რევანშისტულ კრიტიკას, აზერბაიჯანელი ინვესტორების გამოძევებისა და მათი ბიზნესის მიტაცების  მცდელობებს.

„თუ ეს ასეა, საქართველომ ღიად უნდა განაცხადოს. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის სახელმწიფოს მოუწევს პოლიტიკის გადახედვა და პოზიციის შეცვლა მის მიმართ", - ნათქვამია სარედაქციო სტატიაში. 


close დახურვა