საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროსაბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციები საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გასაკვირი არ ყოფილა.
მათი თქმით, წლებია საქართველოში პოლიტიკური და მედიის მფლობელობის დევნა შეიმჩნევა, ასევე გაზრდილია კრიმინალი, კორუფცია, ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი, ექსტრემისტული ჯგუფების ჯგუფების წახალისება და ადამიანის უფლებების დარღვევა.
„უკვე წლებია საქართველოში შეიმჩნევა პოლიტიკური დევნა, ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესების შევიწროება და გაკოტრება, კრიმინალის მკვეთრი ზრდა, კორუფცია, ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი, უცხოელი ინვესტორების დისკრიმინაცია, ქსენოფობია, ექსტრემისტული ჯგუფების წახალისება, ადამიანის უფლებების დარღვევა, მედიის მფლობელების დევნა და მთლიანად დისფუნქციური სასამართლო სისტემა, რომელიც ხელისუფლებას ფეხქვეშ ჰყავს გათელილი, ყველაფერ ამას საერთო არაფერი აქვს ძირითად ევროპულ ღირებულებებთან“
ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფადი ასლი აცხადებს, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და მის დანიშნულ მთავრობას ეკისრება.
"მიგვაჩნია, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის მიერ დანიშნულ მთავრობას; ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საქართველოს ბევრ ბიზნეს-ლიდერს ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა ამჟამინდელ ვითარებაში, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში წინ ვერ აღუდგნენ მთავრობას და საკუთარი ბიზნეს ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე პრიორიტეტულად მიიჩნიეს; ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნა ქართველების უმრავლესობის სურვილია; იმ ქართველებისა, რომლებსაც მთავრობის პოლიტიკით ატყუებდნენ ბოლო 9 წლის განმავლობაში’’-განაცხადა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ.
ICC-Georgia საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეცვალოს „თავისი არაგონივრული პოლიტიკა და მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების განსახორციელებლად“, რათა ქართველებს მიეცეთ შანსი მალე გახდნენ ევროპის ნაწილი.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციის, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 46 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12 000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად გადის კონსულტაციებს გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G7, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN.