ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების რაოდენობა 240-ს შეადგენს. ამის შესახებ IDF-ის პრესსპიკერმა, დენიელ ჰაგარიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ 7 ოქტომბრიდან დღემდე IDF-ის 315 სამხედრო დაიღუპა.
ჰამასმა 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმის დროს ასობით მძევალი აიყვანა და ღაზაში გადაიყვანა. ის დაემუქრა მძევლების მოკვლით, თუ ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები გაფრთხილების გარეშე დაიბომბება.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.