ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა.
კვლევის მიხედვით, ბოლო წლების უარყოფითი ტენდენციის გაგრძელებას 2020 წელს ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ ხელი შეუწყო.
"გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით გაცემული პასუხების მაჩვენებელი. 2012 წლის შემდეგ პირველად 2020 წელს ვადის დაცვით გაცემულ პასუხებს აჭარბებდა 10 დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევები", - აღნიშნულია მონიტორინგის შედეგებში.
ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიგნება:
- 2020 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6 258 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო 5,000 განცხადებაზე (80%);
- 2020 წელს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი 6,258 მოთხოვნიდან, IDFI-იმ 10 დღიანი ვადის დაცვით ინფორმაცია მიიღო 3,043 შემთხვევაში (48%);
- 2020 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (30%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა მრჩევლის, ექსპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოწოდებაზე. რიგით მეორე, ყველაზე დახურული ინფორმაცია დაკავშირებული იყო თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟის და საშუალო წვის მაჩვენებლებთან;
- 2020 წელს, განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლასთან იყო კავშირში და შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.
- 2020 წელს დაწესებულებათა კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპებმა (74% უპასუხო, უარი); ხოლო, სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (85% სრულყოფილი) დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს: აჭარის ა/რ-ის მთავრობა და სამინისტროები, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.
- 2020 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით 19-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის, , სახალხო დამცველის აპარატი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური);
- 2020 წელს, IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა;
- 2020 წელს მთავრობის ადმინისტრაციის და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების გარდა, კიდევ 13 დაწესებულება (მათ შორის სახელმწიფო ხაზინა) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა;
- ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - 92,33% ხოლო ყველაზე დაბალი იუსტიციის სამინისტრომ (5,45%) და ფინანსთა სამინისტრომ (12,91%);
- 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებებიდან 10-მა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი გააუარესა. მათ შორის, ფინანსთა სამინისტრო (-45,7%), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (-35,84%) შინაგან საქმეთა სამინისტრო (-30,26%), პრეზიდენტის ადმინისტრაცია (-26,18%);
- 2020 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი (80%) 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია;
ამასთან, კვლევის თანახმად, ბოლო წლების პრაქტიკა ნათლად აჩვენებს სახელმწიფო შპს-ების და ა(ა)პების მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებულ არასახარბიელო დამოკიდებულებას.
"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უწყებები ხშირ შემთხვევაში ასრულებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, განკარგავენ საჯარო ფინანსებს, IDFI-ს მიერ გაგზავნილ მოთხოვნებს ძირითად შემთხვევაში ან უპასუხოდ ტოვებენ ან განმარტავენ რომ ისინი არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოს და მათზე არ ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება", - ვკითხულობთ კვლევაში.
