logo
ENG



IDFI: 2022-ის მარტ-ივლისში საქართველოში ბინადრობის უფლება 2019-ზე 155%-ით მეტმა რუსმა მიიღო

30 სექ 202213:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/fo8vk1vtijx76gd.jpg

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 2022 წლის მარტი-ივლისის თვეში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1 598 მოქალაქეს მიენიჭა, ხოლო უარი 434 ადამიანს უთხრეს.

IDFI-ის ინფორმაციით, ბინადრობის ნებართვის მოთხოვნა 2019 წელთან შედარებით რუსეთის 972-ით მეტ (+155%) მოქალაქეს დაუკმაყოფილდა და მთლიანობაში 2022 წელს 1 598 შეადგინა. ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელთან შედარებით 2022 წლის მარტი-ივლისი პერიოდში 185%-ით მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად.

გავრცელებული სტატისტიკით, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში ბინადრობის უფლების შესახებ რუსეთის მოქალაქეების მიერ შევსებული 2 032 განაცხადიდან 594 მუდმივ ბინადრობაზე მოდის. დაკმაყოფილებული 1 598 განცხადებებიდან კი მუდმივი ბინადრობის უფლება  32,6%-მა -  522-მა ადამიანმა მიიღო.

2022 წელს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა მიიღო 329 ადამიანმა, 138-ს კი უარი ეთქვა.

252-მა კი შრომითი ბინადრობის ნებართვა მიიღო, 200-ს ამ ტიპის ნებართვაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა.

199-დან 192-მა რუსეთის მოქალაქემ მიიღო ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა, რომელიც ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე გაიცემა.

174-დან 168 საქართველოს მოქალაქემ მიიღო საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა იმ უცხოელებზე, ვისაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხებს არეგულირებს  საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

IDFI-იმ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან  ასევე გამოითხოვა საქართველოს და რუსეთის მოქალაქეების ქორწინების სტატისტიკა, რაც შეიძლება საინტერესო იყოს მუდმივი ბინადრობის გაცემის კუთხით, რადგან რუსეთის მოქალაქეების საქართველოს მოქალაქეებზე ქორწინების გზით შესაძლებელია მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღება.

შესაბამისად, ორგანიზაციის თქმით,  შესაძლოა საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების მიზნით ფიქციური ქორწინების გამოყენების პრაქტიკაც არსებობდეს, რაც მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. 

სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემების მიხედვით , 2019-2021 წლების ქორწინების სტატისტიკა მეტწილად ემთხვევა მუდმივი ბინადრობის მიღებაზე რუსეთის მოქალაქეების მიერ  განცხადებების შეტანის ტენდენციებს. 2022 წელს 5 აგვისტოს მდგომარეობით კი საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დარეგისტრირდა.

ბინადრობის ნებართვა შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით.

დროებითი ცხოვრების უფლებით გაიცემა: შრომითი ბინადრობის ნებართვა, სამრეწველო ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, დროებითი ბინადრობის ნებართვა, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა და -სპეციალური ბინადრობის ნებართვა

მუდმივი ცხოვრების ნებართვა კი კანონის მიხედვით, გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. აგრეთვე იმ უცხოელზე, ვინც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

 

close დახურვა