logo
ENG



IDF ჰამასის მეორე მეთაურის მკვლელობის შესახებ იტყობინება

14 ოქტ 202314:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/14/myjzb5hfalkhftt.jpg
ILIA YEFIMOVICH/AVALON

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჰამასის მეორე მეთაური მოკლეს. მათი ცნობით, ალი კადი გასულ შაბათს ისრაელის დასახლებებზე საზღვრისპირა თავდასხმებს ხელმძღვანელობდა. IDF-ში აღნიშნეს, რომ ჰამასელი ტერორისტი დრონებით თავდასხმის დროს მოკლეს.

დღეს IDF-მ კიდევ ერთი მეთაურის მკვლელობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია - კერძოდ, განაცხადეს, რომ ღაზის სექტორზე შეტევის დროს ჰამასის ერთ-ერთი მეთაური, მერად აბუ მერადი მოკლეს. IDF-ის ცნობით, ის ჰამასის საჰაერო სისტემას ხელმძღვანელობდა და გასული კვირის თავდასხმაში აქტიურად მონაწილეობდა.

ისრაელმა გუშინ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა - კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა - გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ. არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ტერიტორიისკენ გადაადგილების შესახებ ხელახლა მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა გააკეთონ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ მოქალაქეებს განსაზღვრული მარშრუტით უსაფრთხოდ სარგებლობა ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე შეეძლებათ. IDF-ის პრესსპიკერი ღაზის მცხოვრებლებს მოუწოდებს, ეს მათივე უსაფრთხოებისთვის გააკეთონ, რადგან თავდასხმის შემთხვევაში თავის დასაცავად, ჰამასის ლიდერებმა შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.

ევაკუაციის გაფრთხილებას კრიტიკა მოჰყვა გარკვეული ჯგუფების, მათ შორის დასავლელი ლიდერების მხრიდან. მაგალითად, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ისრაელის მითითება ღაზის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე, შესასრულებლად შეუძლებელია.


close დახურვა