logo
ENG



IRI-ის კვლევა: 79% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა, ბოლო 1 წელიწადში, გაუარესდა

05 აპრ 202117:48
3 წუთის საკითხავი
clock 1318
2021/04/05/kutmtlouus3qxz5.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 79% მიიჩნევს, რომ ბოლო ერთი წლის განმვლობაში, ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდა. კერძოდ, 37% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 39% ფიქრობს, რომ მდგომარეობა ძალიან არის გაუარესებული. 

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 63% ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო დონეზე მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. 71% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა "გარკვეულწილად" ან "ძალიან" გაუარესდა. 

ამასთან, მოსახლეობის უმეტესობა ქვეყნის მთავარ გამოწვევად ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს, მათ შორის უმუშევრობას და გაზრდილ ფასებს. 

კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 65% აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა უმუშევრობაა. 37% მაღალ ფასებს ასახელებს, 26%-სთვის გამოწვევად კვლავ სიღარიბე რჩება. 16%-სთვის პრობლემას კოვიდპანდემია წარმოადგენს. გამოწვევებს შორის არის განათლება (8%), ოკუპირებული ტერიტორიები (4%), ჯანდაცვა (9%), ასევე პენსია (4%)

კითხვაზე - "როგორ აისახა პანდემია ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - 65%-მა თქვა, რომ მდგომარეობა გაუარესდა, ივნისში კი გაუარესებულ მდგომარეობაზე 67% საუბრობდა. 

რაც შეეხება კითხვას რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა პანდემიაზე მთავრობის პასუხით", პროცენტები ასე გადანაწილდა: 21 თებერვლის მონაცემებით, 44% ამბობს, რომ გარკვეულწილად კმაყოფილია, ხოლო 20% ძალიან უკმაყოფილოა. 

აღსანიშნავია, რომ ჯამურად მთავრობის პასუხით ივნისის პერიოდში 79% იყო კმაყოფილი, ხოლო თებერვლის მონაცემებით კმაყოფილია 59%. 

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

 


close დახურვა