logo
ENG



ISFED: კობახიძის ბრალდება PVT-ის გაყალბებაზე არის ზეწოლა ჩვენს ორგანიზაციაზე

19 მარ 202114:56
3 წუთის საკითხავი
clock 1126
ISFED: კობახიძის ბრალდება PVT-ის გაყალბებაზე არის ზეწოლა ჩვენს ორგანიზაციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები ირაკლი კობახიძის ბრალდებებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის შედეგები გაყალბდა, ორგანიზაციაზე ზეწოლად აფასებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მსგავსი რიტორიკა მხოლოდ საზოგადოების ყურადღების  გადატანას ემსახურება და ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დაძ₾ევისკენ არ არის მიმართული. 

„კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განუწყვეტელი მცდელობა, უსაფუძვლო ბრალდებებით დააზიანოს ორგანიზაციის რეპუტაცია. აღნიშნული მიზნად ისახავს სამართლიან არჩევნებზე ზეწოლას, ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზებას და ემსახურება არჩევნების დაკვირვების იდეის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამგვარი რიტორიკა არ არის შემთხვევითი და სახელმწიფოს წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების გადაჭრის  ნაცვლად, საზოგადოების ყურადღებას არასწორ მხარეს მიმართავს.

სამართლიანმა არჩევნებმა არაერთხელ განმარტა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ხმების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ბოლო 18 წლის განმავლობაში ახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. პროცესი სრულიად დამოუკიდებელია და დაცულია ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამაზე მეტყველებს, წლების განმავლობაში, საზოგადოების მიერ გამოხატული ნდობა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.

მიუღებელია, ხმების პარალელური დათვლის შედეგების დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გამოვლენილ ხარვეზზე სამართლიანი არჩევნების მიერ პასუხისმგებლობის აღების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენდა მისი გასწორება და აღმასულებელი მენეჯმენტის ცვლილება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, „შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ".

ISFED-მა 2020 წლის 11 დეკემბერს საზოგადოებას პარალელური ხმის დათვლის შედეგების ჩასწორების შესახებ ამცნო და განაცხადა, რომ შეცდომის მიზეზი ხმების დათვლის ფორმულაში დაშვებული ხარვეზი იყო, რომლის გამოც, პროგრამა ნამდვილ ბიულეტენებთან ერთად ბათილ ბიულეტენებსაც ითვლიდა.

ჩასწორებული შედეგების მიხედვით, მონაცემები ქართული ოცნების სასარგებლოდ იყო შეცვლილი. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ (PVT) დათვლის შეცვლილი მონაცემების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციაზე ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებისთვის გადაეხედათ.

ამ ფონზე, მმართველმა გუნდმა ორგანიზაციის დისკრედიტაცია სცადა და თქვა, რომ ISFED-ის წარმომადგენლებმა ხმების დამთვლელ ფორმულაში ხარვეზი ოპოზიციასთან შეთანხმებით დაუშვეს.  

ამ მოვლენებს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის თანამდებობიდან გადაყენება მოყვა. 


close დახურვა