ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიგნებით, ოპოზიციის წინააღმდეგ მართული დისკრედიტაციული კამპანიის 3 Facebook გვერდის: "არქივი • Archive", "პოლიტიკური მოთვალთვალე" და "დავასრულოთ" უკან, ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის ორგანიზაცია "დავასრულოთ" დგას.
ISFED-ის ცნობითვე, 7 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც საქართველოში ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკა (Facebook Ad Library) სრული სახით ამოქმედდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "დავასრულოთ" დარეგისტრირდა.
12 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "დასრულებაა".
სამართლიანი არჩევნების აღმოჩენით, 22 სექტემბრიდან ფეისბუქგვერდების "არქივი • Archive"-ის, "პოლიტიკური მოთვალთვალე" და "დავასრულოთ" დასპონსორებული პოსტების შესაბამისი დეკლარირების ველში თანხის გადამხდელად ორგანიზაცია "დავასრულოთ" მიეთითა, ხოლო საკონტაქტო ინფორმაციად ამავე ორგანიზაციის მისამართი და სატელეფონო ნომერი განთავსდა.
ISFED წერს, რომ გვერდებმა, "პოლიტიკური მოთვალთვალე" და "არქივი • Archive", ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ აქტიური მადისკრედიტირებელი და ქართული ოცნების მხარდამჭერი კამპანია შექმნისთანავე წამოიწყო.
17 სექტემბერს ორგანიზაციამ დავასრულოთ დაარეგისტრირა ვებსაიტის დომენი - davasrulot.ge. 18 სექტემბერს კი ფეისბუქზე ამოქმედდა გვერდი "დავასრულოთ".
ISFED-ის განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ Facebook გვერდი "დავასრულოთ" 18 სექტემბერს ამოქმედდა, ხოლო გვერდზე ერთი პოსტია განთავსებული, რომლის მიზანი ბუბა კიკაბიძის დისკრედიტაციაა.
მათივე დაკვირვებით, Facebook გვერდების, "არქივისა" და "პოლიტიკური მოთვალთვალისთვის" დისკრედიტაციის ინსტრუმენტად სატელევიზიო არქივის ვიდეოების გამოყენება წარმოადგენს, რომელიც მიემართება ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიას თუ პოლიტიკურ ლიდერს, "პატრიოტთა ალიანსის" გარდა.