logo
ENG



ISW-ის თქმით, ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, კრემლის კრიტიკის გამო პრიგოჟინის გაფრთხილებაა

03 აპრ 202313:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/03/1b3abtjgrs6kmxd.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარი აფეთქება, შესაძლოა, კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერის მფლობელის, ევგენი პრიგოჟინისთვის გაფრთხილება ყოფილიყო. ISW ამას ბოლო პერიოდში პრიგოჟინის მიერ კრემლის კრიტიკას უკავშირებს.

გუშინ, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში აფეთქების შედეგად რუსეთის პროპაგანდისტი, მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ტატარსკი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში. არსებული ინფორმაციით, ეს კაფე პრიგოჟინს ეკუთვნოდა - ISW მიუთითებს, რომ ფომინი ტერაქტის დღეს სხვა ღონისძიებასაც დაესწრო, თუმცა აფეთქება სწორედ პრიგოჟინის კაფეში მოხდა.

ISW-ის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ფომინის სიკვდილი რუს აქტორებს შორის ბრძოლის საწინააღმდეგო და პოლიტიკური კონკურენციის შედეგი იყო. ISW-ის განცხადებითვე, ზოგიერთი რუსი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ასევე, ვარაუდობს, რომ ღონისძიებას პრიგოჟინიც უნდა დასწრებოდა, თუმცა ამ ვარაუდის დადასტურება არ მომხდარა.

ომის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ფომინის მკვლელობა, შესაძლოა, ყოფილიყო გაფრთხილება პრიგოჟინისთვის, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომზე კრემლის რიტორიკას სულ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და რუსეთის პრეზიდენტობაზე ინტერესზეც მიანიშნებს.

ISW-ის განცხადებით, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და პროპაგანდისტებმა "ტერორისტულ თავდასხმაში" უკრაინა დაადანაშაულეს, თუმცა თავად პრიგოჟინი ამბობს, რომ ფომინის მკვლელობაში "კიევის რეჟიმს" არ ადანაშაულებს.

გუშინ, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში აფეთქების შედეგად რუსეთის პროპაგანდისტი, მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ტატარსკი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში.

"ფონტანკას" ცნობით, თვითმხილველებმა გამოცემის კორესპონდენტს განუცხადეს, რომ აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა ვლადლენ ტატარსკის ყუთით საჩუქარი გადასცა.

დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარი აფეთქების საქმეზე დარია ტრეპოვა დააკავა. ტრეპოვას ბრალად ედება სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარი აფეთქება, რომლის დროსაც რუსი პროპაგანდისტი და უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მომხრე ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა, ხოლო 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.


close დახურვა