logo
ENG



ISW-ის თქმით, ხერსონში მარცხის შემდეგ ომის მომხრეები პუტინს უპრეცედენტოდ აკრიტიკებენ

13 ნოე 202212:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/13/lq8lxun9pq8u40l.jpg

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ხერსონიდან რუსეთის გასვლა ომის მომხრეებსა და ვლადიმერ პუტინს შორის იდეოლოგიურ ბზარს იწვევს, ანგრევს ნდობას პუტინის უნარის მიმართ, სისრულეში მოიყვანოს მისი საომარი პირობები.

ანგარიშში მოყვანილია რუსეთში ვლადიმერ პუტინის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ღია კრიტიკაც - მისი თქმით, ხერსონის დათმობით პუტინმა რუსული იდეოლოგიის დაცვა ვერ შეძლო. დუგინი საუბრობს, რომ რუსული იდეოლოგია განსაზღვრავს რუსეთის პასუხისმგებლობას, დაიცვას "რუსული ქალაქები" როგორებიცაა, ხერსონი, ბელგოროდი, კურსკი, დონეცკი და სიმფეროპოლი.

დუგინმა დაიწუნა პუტინის მრჩევლების როლიც, რომლებმაც მისი თქმით, "ვერ შეძლეს რუსული სამყაროს დაცვა". თუმცა დუგინი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული ძალების მეთაური, გენერალი სერგეი სურივიკინი ხერსონიდან ჯარების გაყვანის შესახებ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი არ არის.

"დუგინმა აღნიშნა, რომ ავტოკრატს არ შეუძლია ამის გამოსწორება მხოლოდ საჯარო გამოსვლებით და მიუთითა, რომ "რუსეთის ხელისუფლება სხვა ვერაფერს დათმობს" და "ლიმიტი მიღწეულია". პუტინის ნაციონალისტურად განწყობილი პროპაგანდისტები, როგორიცაა ვლადიმერ სოლოვიოვი, სულ უფრო მეტად ითხოვენ, რომ კრემლმა და უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ უკრაინაში მათ მიზნებს უერთგულონ. სოლოვიოვმა სრული მობილიზაცია და ხერსონის დატოვების შემდეგ არაკომპეტენტური მაღალჩინოსნების გათავისუფლებაც კი მოითხოვა", - აღნიშნულია ანგარიშში.

ISW მიუთითებს, რომ ომის მომხრე საზოგადოების მხრიდან პუტინის პირდაპირი კრიტიკა თითქმის უპრეცედენტოა, ხოლო დუგინის მიერ პუტინის მსგავსი ფორმით კრიტიკა, შესაძლოა, მიუთითებდეს რუსი ნაციონალისტი იდეოლოგებს შორის ცვლილებაზე.

მათი განცხადებით, ხერსონში მარცხის შემდეგ კრემლს აკრიტიკებენ ვაგნერთან დაკავშირებული არხებიც - ზოგიერთი სამხედრო ბლოგერი მიუთითებს, რომ კრემლმა ხერსონს უღალატა, ხოლო ნაწილი აღნიშნავს, რომ კრემლი სისტემატურად "თმობს თავის ტერიტორიებს" ისე, რომ არაფერს ეკითხება რუს ხალხს. დანარჩენმა სამხედრო ბლოგერებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონის ანექსირების 87%-იანი მხარდაჭერა.


close დახურვა