ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) აცხადებს, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს კონტროლი კონკრეტულ ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, რათა უზრუნველყოს მისი გრძელვადიანი უსაფრთხოება და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა.
ინსტიტუტის ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის ეკონომიკური გაჯანსაღებისთვისა და აღდგენისთვის საჭიროა ზაპოროჟიეს, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების უმეტესი ნაწილის გათავისუფლება, მათ შორის 2014 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაც.
"უკრაინას აქვს სრული უფლება იბრძოლოს რუსეთის მიერ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს მუდმივი სისასტიკისა და ეთნიკური წმენდის ფონზე. კიევის დაჟინებული მოთხოვნა უკრაინის ტერიტორიის კონტროლის აღდგენაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებამდე არ არის აბსოლუტისტური ან ექსტრემისტული მოთხოვნა - ეს არის სახელმწიფოს ნორმალური პოზიცია, რომელიც იცავს თავს არაპროვოცირებული თავდასხმისგან", - აღნიშნულია ISW-ის ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს ყირიმის გათავისუფლება. ასევე, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ყირიმის გათავისუფლება დაეხმარება NATO-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში.
ანალიტიკოსები წერენ, რომ პუტინის განზრახვები უკრაინის მიმართ, ნაკლებად სავარაუდოა შეცვალოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ან რაიმე სხვა გზით. მათი თქმით, კრემლი გამოიყენებს საომარი მოქმედებების ნებისმიერ პაუზას თავისი მიღწევების გასამყარებლად და პუტინის სასარგებლოდ ფრონტის ხაზის გასაყინად, რათა მოამზადოს შემდგომი თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ.
14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მის მიერ 21 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 2 კვირაში, ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
"ახლა 300 000-დან 222 000 ადამიანია მობილიზებული. ვფიქრობ, დაახლოებით ორ კვირაში ყველა სამობილიზაციო აქტივობა დასრულდება," - თქვა პუტინმა.