logo
ENG



ISW: რუსეთი რეზერვისტებისგან სპეცდანიშნულების რაზმს - Storm Z-ს აყალიბებს

07 აპრ 202308:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/07/qhovzphj5m45ukr.png

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, რუსეთი რეზერვისტებისგან Storm Z სპეცრაზმს აყალიბებს, რომელსაც ურბანული ბრძოლების ჩასატარებლად გამოიყენებს. მათ ჩვეულებრივი ჯარის სტრუქტურის გარეთ ჩამოაყალიბებენ და შემდეგ არსებულ ბატალიონებთან გააერთიანებენ.

ISW-ის ცნობით, საუბარია ახალ რაზმებზე, რომელთა გამოყენება იგეგმება მე-8 გაერთიანებული შეიარაღების ჯარის, 1-ლი ჯარის კორპუსის ("DPR" ფორმირებების) შემადგენლობებში.

ISW ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარის კორპუსის გარეთ ასეთი სპეცრაზმის შექმნა ფაქტობრივად ანადგურებს საკუთარი არმიის სამხედრო სტრუქტურას.

"Storm Z შექმნილია საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად ქალაქებში ან რთულ გეოგრაფიულ რაიონებში მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მიზნით, როგორიცაა ციხესიმაგრეები, სამეთაურო პუნქტები და საკომუნიკაციო ცენტრები", - ნათქვამია ორგანიზაციის მოხსენებაში.

ფრონტის ხაზზე გაშვებამდე ამ სპეცდანიშნულების რაზმების წვრთნისთვის გამოყოფილია 10-15 დღე. სავარაუდოა, Storm Z რაზმი განლაგდება ავდიივკა-დონეცკის ფრონტის ხაზის გასწვრივ რუსეთის წარუმატებელი შეტევითი ოპერაციების მხარდასაჭერად.

"რუსი სამხედრო მეთაურები სავარაუდოდ ცდილობენ შექმნან Storm Z რაზმები და მიამაგრონ ისინი უკვე აქტიურ ელემენტებს, რათა გააძლიერონ მცირე ტაქტიკური წარმატებები და წაახალისონ შემდგომი შეტევითი ოპერაციები და მიღწევები", - წერია მოხსენებაში.


close დახურვა