ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი მორიგი შეტევისთვის ემზადება და დონბასში თავის ჯარს აძლიერებს. ISW მიუთითებს, რომ ოკუპანტ ქვეყანას შიდა ზეწოლის ზრდის გამო დასჭირდებათ შეტევა გამარჯვებისთვის.
30 იანვარს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადების ნიშნები არ არსებობს, მისი თქმით, ყველაფერი საწინააღმდეგოს მიუთითებს. სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს იარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის როგორც წარმოებას, ასევე, მათ შეძენას ავტორიტარული სახელმწიფოებისგან, მათ შორის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან.
"უკრაინის სახმელეთო ჯარების რეზერვისტთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ივან ტიმოჩკომ, ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსული ძალები, მოსალოდნელი შეტევის ფარგლებში, აძლიერებენ დაჯგუფებას დონბასში და აღნიშნა, რომ შიდა ზეწოლის გაზრდის გამო რუსულ ძალებს დასჭირდებათ შეტევა გამარჯვებისთვის.
სტოლტენბერგისა და ტიმოჩკოს განცხადებები იზიარებს ISW-ის წინა პროგნოზს, რომ რუსული ძალები ქმნიან პირობებს უახლოეს თვეებში შეტევითი ძალისხმევის დასაწყებად, სავარაუდოდ, ლუჰანსკის ოლქში", - აღნიშნავენ ომის კვლევის ინსტიტუტში.
29 იანვარს ISW წერდა იმასაც, რომ რუსული ჯარები, სავარაუდოდ, შეცვლიან "ვაგნერელებს", რათა ბახმუტზე შეტევა გააძლიერონ. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სულ უფრო ხშირად ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები ბახმუტის რეგიონში 2023 წლის იანვრის დასაწყისიდან მოქმედებენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ჯარები აძლიერებენ ან ცვლიან "ვაგნერელებს".