ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ძალები ოკუპირებულ ლუჰანსკის, დონეცკისა და აღმოსავლეთ ზაპოროჟიეს ოლქებში პოზიციების გაძლიერებას იწყებენ, რასაც ხერსონის ოლქიდან გამოყვანილი და მობილიზებული სამხედროების დახმარებით აკეთებენ.
ISW უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის არმიამ ქალაქ ლუჰანსკში სამხედროების რაოდენობა გაზარდა - სამხედროები ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 30 კილომეტრში მიტოვებულ სახლებში სახლდებიან.
"ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ აღნიშნა, რომ რუსულ ძალებს დარჩენილი სადესანტო-საჰაერო ძალები ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან ლუჰანსკის ოლქში გადაჰყავთ. მისივე თქმით, რუსული ჯარების ნაწილი ჩადიან ნოვოაიდარში, სევეროდონეცკის აღმოსავლეთით, დაახლოებით, 55 კილომეტრში", - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, მარიუპოლის მერის მრჩეველმა მარიუპოლში რუსული პერსონალისა და სამხედრო აღჭურვილობის ჩასვლის შესახებ განაცხადა და მიუთითა, რომ რუსული ძალები მარიუპოლის რაიონში 10 000-დან 15 000 სამხედრომდე ათავსებენ. პეტრო ანდრიუშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ახლად მობილიზებული სამხედროები მარიუპოლის გავლით, დიდი ალბათობით, დონეცკის ოლქის დასავლეთ ფრონტზე განლაგდებიან.
ომის კვლევის ინსტიტუტი საუბრობს გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთმა ირანთან დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმება დადო - როგორც The Washington Post სამ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, შეთანხმება ნოემბრის დასაწყისში, ირანში გამართული შეხვედრის დროს გაფორმდა.
მედიის ცნობით, ამ შეთანხმებას მოსკოვისთვის შეუძლია დააკმაყოფილოს მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის საჭიროება, რომელიც 9 თვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ დეფიციტშია. ამასთან, ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ შეთანხმებები მნიშვნელოვან პოლიტიკურ სარგებელს სთავაზობს ირანს - მათი აზრით, ირანის ლიდერები მიიჩნევენ, რომ შეძლებენ თავიდან აიცილონ ახალი სანქციები, თუ დრონები რუსეთში დამზადდება.