ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ანექსირებულ ყირიმის ავიაბაზაზე აფეთქების შესახებ წერს. ინსტიტუტის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კრემლს არ აქვს სურვილი, რუსულ ობიექტებზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულოს, რადგან ეს კიდევ ერთხელ აჩვენებდა საჰაერო თავდაცვის არაეფექტურობას.
ამ ეტაპისთვის მკვლევრებს არ აქვთ მონაცემები, რათა დაადგინონ, რა გახდა აფეთქების მიზეზი. ის, რომ ხერსონსა და ყირიმში ერთდროულად მოხდა აფეთქება, ინსტიტუტის ექსპერტები ამბობენ, რომ გამორიცხავს რუსულ ვერსიას შემთხვევითი ხანძრის შესახებ, თუმცა არ გამორიცხავს არც საბოტაჟს და არც შორი მანძილის რაკეტების დარტყმას.
რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა, გამოწვეული ხანძრის შედეგად დაიწვა საბრძოლო მასალის საწყობები.
ყირიმის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, კონსტანტინე სკორუფსკის განცხადებით ნოვოფედორივკაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია 1 გარდაცვლილის შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საკის აეროდრომის ტერიტორიაზე, შეფუთულ შესანახ ობიექტზე, რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა.
საკის აეროდრომი ნოვოფედოროვკას მახლობლად, ყირიმში რუსული ავიაციის ერთ-ერთი მთავარი აეროდრომია.
იქ განლაგებულია რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, რომელიც ძირითადად შედგება Su-30SM, Su-33 თვითმფრინავებისა და Su-24M ბომბდამშენებისგან.