პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მცირე ხარვეზი ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია. შეფერხების გამო კატოვიცეს მიმართულებით რეგისტრაცია 20 წუთით შეჩერებული იყო. ქუთაისი-ბერლინის რეისი კი პოზნანში დაეშვა.
"ავიაკომპანია Wizz Air-ს ჰქონდა ხარვეზი, რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ხარვეზი, ვერ ხერხდებოდა რეგისტრაცია მგზავრების, მაგრამ დროულად მოხერხდა გამოსწორება... ბერლინის რეისი გაუქმდა", - თქვა აეროპორტის წარმომადგენელმა მედიასთან.
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
კიბერსისტემის გლობალური შეფერხება ბევრ სფეროს შეეხო: ავიაკომპანიებმა რეისები გააუქმეს, ზოგიერთი მაუწყებელი ეთერიდან გაითიშა, სისტემური პრობლემა საბანკო და ჯანდაცვის სფეროებსაც შეეხო.
კიბერ ინციდენტის გამო შეფერხდა ლონდონის საფონდო ბირჟა. პრობლემა შეექმნა აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მუშაობას. ბრიტანული არხი Sky News პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა.
კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, CrowdStrike-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით IT სისტემების მნიშვნელოვანი შეფერხების მიზეზი იპოვეს და ხარვეზი გამოასწორეს.
ამის შესახებ Crowdstrike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ კურცმაც ისაუბრა.
"Crowdstrike აქტიურად მუშაობს მომხმარებლებთან, რომლებიც დაზარალდნენ. ეს არ იყო უსაფრთხოების დეფექტი ან კიბერშეტევა. პრობლემა იდენტიფიცირებული, იზოლირებული და გამოსწორებულია", - განაცხადა მან