logo
ENG



Intelligence Online: საფრანგეთმა თბილისიდან აგენტები გაიწვია ივანიშვილის გარემოცვის დაქირავების გამო

04 ივნ 202615:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/04/v89e5ruusbn7a0w.jpg

ფრანგული გამოცემა Intelligence Online ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა მიმდინარე წლის მაისში თბილისიდან ორი აგენტი გაიწვია. სტატიის თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის გადაბირების მცდელობა გახდა.

გამოცემა საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში მათ შეძლეს მთავარი წყაროს, გიორგი უძილაურის გადაბირება, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ეს მანევრი თავდაპირველად წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მოგვიანებით საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურმა ოპერაცია გამოააშკარავა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ გიორგი უძილაურის დაკავებიდან ოთხ დღეში საქართველოს მთავრობამ დასავლეთის ქვეყნებს საკუთარი ჯაშუშების გაყვანისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი ვინაობის გამხელით დაემუქრა. სტატიის მიხედვით, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა მოთხოვნა შეასრულა და საფრანგეთის საელჩოში მომუშავე ორი აგენტი ქვეყნიდან გაიწვია. როგორც საფრანგეთის დაზვერვის წარმომადგენლებმა გამოცემა Intelligence Online-ს განუცხადეს, თბილისს მათი არცერთი აგენტი "პერსონა ნონ გრატად" არ გამოუცხადებია.


close დახურვა