Ivy League უნივერსიტეტების ამჟამინდელი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, მეცნიერები და ლექტორები განცხადებას ავრცელებენ და სოლიდარობას უცხადებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს.
განცხადებაში ისინი ასევე გმობენ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობას და მოუწოდებენ ძალოვან სტრუქტურებს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება.
"ჩვენ, Ivy League უნივერსიტეტების ამჟამინდელი და კურსდამთავრებული სტუდენტები, მეცნიერები, ლექტორები და სხვა, ვაპროტესტებთ “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ეს ნაბიჯი უგულებელყოფს ქართველი ხალხის ნებას და კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლებიც პირდაპირ ეხმიანებიან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს.
ჩვენი, როგორც საზოგადოების აქტიური წევრების, უპირველესი პასუხისმგებლობაა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და კონსტიტუციური ღირებულებების ერთგულებას. წლებია, ქართველი ხალხი იბრძვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც როგორც ჩვენი ისტორიული არჩევანი, ასევე სტრატეგიული განვითარების განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო იზოლირება და მხარდაჭერის დაკარგვა, განსაკუთრებით მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქვეყანას რთული გამოწვევების წინაშე მარტო დატოვებს. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს.
სოლიდარობას ვუცხადებთ და ვუერთდებით მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ძალადობის მიუხედავად, განაგრძობენ ქვეყნის ინტერესების დაცვას. მიუღებელია ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ მიზანმიმართული ძალადობა. მოვუწოდებთ ძალოვან სტრუქტურებს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და დაიცვან მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, როგორც ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციის 21-ე მუხლით.
საქართველო უნდა დარჩეს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზის ერთგული, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული და სტრატეგიული არჩევანია. თითოეული ჩვენთაგანის ვალი და პასუხისმგებლობაა ამ მიზნისთვის ბრძოლა"- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს 50-მდე ადამიანი აწერს. სია განახლებადია.