ფრანგული გამოცემის, L’Équipe-ის ცნობით, ფრანგული საფეხბურთო კლუბის "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს, ნეიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.
31 აგვისტოს "პარი სენ-ჟერმენმა" დაადასტურა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა კლუბის ორი მოთამაშე - ანხელ დი მარია და ლეო პარედესი. ორივე მოთამაშე "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ იბიცაზე, წვეულებაზე იმყოფებოდა. იბიცაზე იმყოფებოდნენ პარედესისა და დი მარიას თანაგუნდელები - ნეიმარი, კეილორ ნავასი და მაურო იკარდი. ფრანგული კლუბი ამჟამად კორონავირუსის ტესტებზე დანარჩენი მოთამაშეების პასუხებს ელოდება.
შესაძლოა, "პარი სენ-ჟერმენმა" საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩი გამოტოვოს, რადგან საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული კანონით თუ კლუბს 4-ზე მეტი ინფიცირებული ფეხბურთელი ჰყავს, ის თამაშს ვერ ჩაატარებს.