ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროპაგანდისტული კლიპი JWT METRO-ს დირექტორის, ნიკა ბოჭორიშვილის გადაღებულია. ამის შესახებ ბოჭორიშვილი ფეისბუქზე თავად წერს.
"ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად"- წერს ბოჭორიშვილი.
მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში ბოჭორიშვილის პოსტი გამოჩნდა, რამდენიმე თანამშრომელმა სამსახურის დატოვებაზე დაწერა. მათ შორისაა სანდრო ჯავახიშვილი.
"სამწუხაროა, რომ კომპანიაში სადაც 4 წელი გავატარე, კეთდება პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ცოდნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას უფრო მარტივად და სწრაფად მივიღებდი. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სააგენტოს თანამშრომლები ამ პროექტში არ მონაწილეობდნენ, თუმცა ეს კომპანიაზე არაფერ კარგს მაინც არ ამბობს. P.S. ვეძებ სამსახურს"- წერს ის.
ამის პარალელურად, JWT METRO-მ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაპოსტა: "JWT METRO left job at JWT METRO". გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში პოსტი წაიშალა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების გვერდზე საარჩევნო ვიდეოს აღწერაში კლიპის ავტორი მითითებული არ არის.
გარდა ამისა, 2024 წლის მაისში შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებმა რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს და ბიზნესმენებს, რომლებიც კანონს მხარი დაუჭირეს, ბოიკოტი გამოუცხადეს. ამ განცხადებას უერთდებოდა JWT METRO-ც.