logo
ENG



Meduza: უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს

07 აგვ 202420:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/07/6lfrvhk0p26tayd.jpg

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში, სუჯის გამშვები პუნქტის რაიონში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს. 

ინფორმაციას Meduza უკრაინულ Telegram არხზე დაყრდნობით ავრცელებს. არხი აქვეყნებს ფოტო და ვიდეო მასალას, რომლის თანახმადაც, საუბარია რამდენიმე ათეულ სამხედროზე. 

Telegram არხი წერს, რომ ფოტოები საზღვრის მიმდებარე რაიონში, სუჯის გამშვები პუნქტის მახლობლად არის გადაღებული. სწორედ ამ მიდამოებში მდებარეობს სუჯის გაზის საზომი სადგური, რომელიც Z ბლოგერების თანახმად, დღეს უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს.

რუსული პროპაგანდისტული და სამხედრო ტელეგრამ არხები წერენ, რომ 7 აგვისტოს ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში გამაგრდნენ. უკრაინული მხარე კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების შესახებ ჯერ არაფერს ამბობს.

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".


close დახურვა