NATO რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმების გამართვის გეგმას გმობს.
ალიანსი აცხადებს, რომ ამგვარი ყალბი რეფერენდუმები არღვევს გაეროს ქარტიას და არალეგიტიმურია.
NATO-ს ცნობით, გაერო და ალიანსის წევრები კი სამართლებრივად არ მიიჩნევენ ძალის გამოყენებით მოპოვებულ ტერიტორიებს და არ აღიარებენ ყირიმის ანექსიას.
“უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ჯარის მიერ კონტროლირებულ უკრაინის რეგიონებში რუსეთის შეერთებაზე ე.წ "რეფერენდუმების" გამართვის გეგმას. როგორც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხელახლა დაადასტურა 2022 წლის 2 მარტს მიღებული "უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის" რეზოლუცია, არანაირი ტერიტორია, რომელიც შანტაჟით ან ძალის გამოყენებითაა მოპოვებული არ მიიჩნევა სამართლებრივად. მოკავშირეები არც ახლა და არც არასდროს აღიარებენ რუსეთის მხრიდან ყირიმის არასამართლებრივ და არალეგიტიმურ ანექსიას.
ყალბ რეფერენდუმებს უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში არ აქვს ლეგიტიმაცია და იქნება გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევა“ - აცხადებს NATO.
ალიანსის განცხადებაში წერია, რომ რუსეთის გადაწყვეტილებები, მათ შორის ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციაზე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მორიგი ესკალაციაა.
NATO-ს განცხადებით, ომზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და მისი დასრულების გადაწყვეტილებაც რუსეთს შეუძლია მიიღოს.
ალიანსმა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და უკრაინის თავდაცვის უფლებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
„NATO-ს მოკავშირეები ინარჩუნებენ მტკიცე პოზიციას უკრაინისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიწოდების კუთხით მაშინ, როცა უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კვლავ იცავს თავს“ - წერია ალიანსის განცხადებაში.