logo
ENG



NATO რუსეთის ჯარების გაყვანაზე: დეესკალაციის ნიშნები ჯერ ადგილზე არ გვინახავს

15 თებ 202217:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/15/e9ddnyhq0vtgdcy.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჯარების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების შესახებ რუსეთის განცხადება ფრთხილი ოპტიმიზმის მომცემია, თუმცა რეალური დეესკალაცია ჯერ კიდევ არ უნახავთ. 

ამის შესახებ სტოლტენბერგმა NATO-ს მინისტერიალის წინ, ბრიფინგზე განაცხადა.

"არის ნიშნები მოსკოვიდან, რომ დიპლომატია უნდა გაგრძელდეს. ეს იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის იმედს, თუმცა ადგილზე დეესკალაციის ნიშნებს ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების შემცირებას. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და ყურადღებით დავაკვირდებით, რას აკეთებს რუსეთი", - ამბობს სტოლტენბერგი.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ "წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული ჯარები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან". 

15 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კონაშენკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მასშტაბური წვრთნები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, სწავლების დასრულების შემდეგ კი ჯარები, "როგორც ყოველთვის", ერთობლივად დაუბრუნდებიან განლაგების ადგილებს. 

მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელმა საჯრისო ნაწილებმა შეიძლება დაიწყოს დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება. 

კონაშენკოვისვე განცხადებით, ჯერჯერობით მიმდინარე სამხედრო წვრთნების ფარგლებში, 19 თებერვალს, ბელარუსშიობუზ-ლესნოვსკის პოლიგონზე გაიმართება სწავლება "Союзная решимость 2022 (კავშირის გადაწყვეტა 2022)". ამ დღეს შედგება "პირდაპირი სროლებიც". 

მისი განცხადებით, ამ ღონისძიებაზე დამკვირვებლის სტატუსით მოწვეულები იქნებიან თავდაცვის საკითხებში სამხედრო ატაშე, ბელარუსში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. 

რამდენიმე თვის წინ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცი განალაგა.

სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს და უარყოფს, რომ შეჭრას აპირებს. თუმცა, აშშ აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. 

უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების გამო NATO-ს ქვეყნები უკრაინას სამხედო დახმარებას უწევენ, ამასთან, აძლიერებენ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილს, რაც აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო გემების, საბრძოლო თვითმფრინავების და სხვა შეიარაღების დამატებითი რაოდენობის გაგზავნას გულისხმობს. 

დანია ბალტიის ზღვარში საბრძოლო ხომალდს - ფრეგატს აგზავნის, ასევე, ლიეტუვაში განათავსებს 4 ერთეულ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს. ესპანეთი ასევე აგზავნის საბრძოლო გემებს, რომლებიც NATO-ს საზღვაო ძალებს შეუერთდებიან, ასევე, განიხილავს ბულგარეთში საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებას. საფრანგეთი გამოხატავს მზაობას, რუმინეთში, NATO-ს ბრძანების ქვეშ, ჯარისკაცები გაგზავნოს. ნიდერლანდები აპრილში ასევე გაგზავნიან 2 F-35 საბრძოლო თვითმფრინავს ბულგარეთში, რათა მხარი დაუჭირონ NATO-ს საჰაერო-სამხედრო აქტივობას რეგიონში. ასევე, აგზავნის როგორც გემს, ისე ქვეით დანაყოფებს, რათა შეუერთდნენ NATO-ს საპასუხო რეაგირების ძალებს. ასევე, აშშ-მ ცხადად განახცადა, რომ გეგმავს სამხედრო ყოფნის გაზრდას ნატოს აღმოსავლეთ ნაწილში. 

აშშ-მ კი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ბოლო 2 წელიწადში აშშ-მ უკრაინას 650$-ის ღირებულების უსაფრთხოების მხარდაჭერა გაუწია, 2014 წლიდან კი ამ დახმარების 2,7 მილიარდს შეადგენს. 

გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა: 

უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ. 

აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს. 


close დახურვა