დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული.
"ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აწარმოებს.
ასევე, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან ახალი შტამის დადასტურების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.
ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი განცხადებით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს ომიკრონის, ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების, ან - მძიმე დაავადების განვითარებას - ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით.