დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდებათ და სიმპტომების მქონე ადამიანებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტი უარყოფით შედეგს უჩვენებს, ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ.
ოჯახის ექიმთან კონსულტაცია კი შესაძლებელი იქნება იმ ტესტირების პუნქტებში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია, ასევე კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო ან ონლაინ კომუნიკაციით.
NCDC-ის ცნობით, ომიკრონის შტამის გავრცელების გამო გაიზარდა ტესტირებაზე მოთხოვნა. ბოლო 7 დღეში ყოველდღიური მიმართვიანობა წინა 7 დღესთან შედარებით საშუალოდ 53%-ითაა გაზრდილი. გასულ 1 კვირაში საქართველოში სულ 372 981 ტესტი ჩატარდა.
"უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით" - წერია NCDC-ის განცხადებაში.
დაავადებათა ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, Covid-19 ინფიცირების სტატუსის მიუხედავად, დაიცვან ქვეყანაში არსებული იზოლაციის წესები, რათა არ გახდნენ როგორც კორონავირუსის, ასევე სხვა რესპირატორული ინფექციების გავრცელების წყარო.