პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობა განიხილა.
ადმინისტრაციის ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელმა, შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლს.
"თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა, რომ NDI-ის მისია წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ადრეულ ფაზაში იწყებს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებისათვის.
შეხვედრისას საუბარი შეეხო შემოდგომით დაგეგმილ არჩევნებში დიასპორის მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეძლონ საკუთარი საარჩევნო უფლების რეალიზება.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთისგან მომდინარე შესაძლო ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
არჩევნების პროცესზე საუბრისას განიხილეს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერების საკითხი და ის დაბრკოლებები, რომლებსაც ქალები ამ პროცესში აწყდებიან.
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქარტიის შექმნის თაობაზე მისი ინიციატივის შესახებ, რომლის მიზანიც ევროპულ მომავალსა და ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე თანხმობის მიღწევაა", - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო 19 თებერვალს დაიწყო. ორგანიზაციის ცნობით, მისია მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მისიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ქართული ოცნების, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის, კრიტიკული თუ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებს. ასევე, მათ შეხვედრა გამართეს ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებთანაც.
NDI-ის ცნობით, შეხვედრებს უძღვებიან: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუჟა, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი. შეხვედრებს ასევე დაესწრება ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი.