ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის მიმართ უნდობლობა კვლავ მაღალია, ხოლო ვაქცინირებული მოსახლეობის მესამედი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან არ იცის რას იზამს. ასევე, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით უარესი ჯერ კიდევ წინ არის.
NDI–ის კვლევის თანახმად, კითხვაზე – გაიკეთებდით თუ არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, გამოკითხულთა 42% პასუხობს რომ არ გაიკეთებდა, 29% ამბობს, რომ უკვე აიცრა, 25% პასუხობს რომ გაიკეთებდა, ხოლო 3 % პასუხობს, რომ არ იცის.
კვლევის მიხედვით, გამოკითხული ადამიანების 54%–დან, ვინც უკვე აიცრა ან აპირებს, რომ აიცრას, 63% პასუხობს, რომ ბუსტერს დოზას გაიკეთებს, 20% ამბობს, რომ არ იცის გაიკეთებს თუ არა, 14% არ აპირებს გაიკეთოს, ხოლო 3%–მა უკვე გაიკეთა.
კითხვაზე თუ ჩამოთვლილთაგან, რომელი აღწერს თქვენს გრძნობებს კორონავირუსთან დაკავშირებით, 2021 წლის დეკემბერში, გამოკითხულთა უმეტესობა – 37% პასუხობს, რომ ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის, 31% პასუხობს, რომ ყველაზე ცუდი უკან დარჩა, 12%–ის აზრით კორონავირუსი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, ხოლო 20% პასუხობს – არ ვიცის.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.