NDI-ის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, მოქალაქეების უმრავლესობას ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან სურს.
კვლევის მიხედვით, ევროკავშირთან მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას მოსახლეობის 54% ემხრობა, ხოლო ეკონომიკურ თანამშრომლობას 52%. რუსეთთან კი- 12% პოლიტიკურ თანამშრომლობას უჭერს მხარ, ხოლო 16% ეკონომიკურს.
NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 82% ემხრობა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველა დემოგრაფიულ კატეგორიაში მაღალია.
მოსახლეობის 35% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტს. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.