logo
ENG



NGO-ები ხელისუფლებას: მიიღეთ ყველა ზომა რამაზანოვის უსაფრთხოების და ღირსების დასაცავად

09 დეკ 202114:13
3 წუთის საკითხავი
 
NGO-ები ხელისუფლებას: მიიღეთ ყველა ზომა რამაზანოვის უსაფრთხოების და ღირსების დასაცავად

არასამთავრობო ორგანიზაციები დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ რამიზ რამაზანოვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოებისა და ღირსების დასაცავად.

NGO-ების შეფასებით, რამაზანოვის ირგვლივ განვითარებული პროცესები შემაშფოთებელია. ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ ამ პროცესების მიზანი მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური შევიწროებაა. 

"დმანისის საკრებულოში ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის ხმები თანაბრადაა გაყოფილი, რის გამოც "ქართული ოცნება" საკრებულოს თავმჯდომარედ საკუთარი წარმომადგენლის არჩევას ვერ ახერხებს. ამ ფონზე ჩნდება ეჭვი, რომ რამიზ რამაზანოვის გარშემო მიმდინარე პროცესები მმართველი გუნდის მხრიდან მისი  მხარდაჭერის მოპოვების და ამისთვის მისი პოლიტიკური შევიწროების მიზანს ატარებს.

ადგილობრივ დონეზე ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ხელისუფლების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები მიუღებელია. ის არსებითად აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს. ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა უმძიმესი გამოცდილება, როდესაც სავარაუდო პოლიტიკური შევიწროების და ზეწოლის გამო ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რიგ შემთხვევებში კი, ადამიანების სიკვდილით დამთავრდა (მაგალითად, ია კერზაიას საქმე, ნუგზარ ფუტკარაძის საქმე). როგორც ჩანს, პერიფერიებში ამგვარ პრაქტიკას  კიდევ უფრო მძიმე და შიშველი ფორმები აქვს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სკოლის დირექტორების უკანონო მიყურადებისა და მასობრივი კონტროლის შესახებ შემაშფოთებელია. ის საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების, ისევე, როგორც ადამიანის უფლებების შეზღუდვის უმძიმესი ფორმაა. ამასთან, პოლიტიკურ პროცესებში სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება კიდევ უფრო შემაშფოთებელი ჩანს. ეს აზიანებს მათ მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.

ამგვარი გამოცდილებები მოქალაქეებს უკარგავს ნდობას პოლიტიკური პროცესების მიმართ და პარალიზების ეფექტი აქვს მათი პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით. ცხადია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამგვარ პრაქტიკას დამატებითი სოციალური  შინაარსი აქვს, მით უფრო, რომ რამდენიმე თვის წინ დმანისი მძიმე დაძაბულობის ადგილი იყო", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს

უზრუნველყოს რამიზ რამაზანოვის დაბრუნება სახლში. მისი უსაფრთხოების, თავისუფლების და ღირსების დაცვა;

საქართველოს პროკურატურას

დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რამიზ რამაზანოვის სავარაუდო პოლიტიკური დევნის ფაქტებზე და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პროცესის შესახებ;

პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"

გაიაზროს ამგვარი ქმედებების მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგი და პროცესები დემოკრატიულ ჩარჩოში დააბრუნოს. 

განცხადებას ხელს აწერენ:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ენმ-ს წევრ რამიზ რამაზანოვს მეორე დღეა ეძებენ. დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მასზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს. 

დმანისის საკრებულოს 15 წევრი ქართული ოცნების წევრია, 15 კი - ოპოზიციის. 3 დეკემბერს, როცა ახლადარჩეული საკრებულო პირველად შეიკრიბა, ოპოზიციონერებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და სხდომა ჩაიშალა.

იმავეს გეგმავენ 10 დეკემბრის სხდომაზე. 

იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომა ჩაიშლება და თავმჯდომარის არჩევა კვლავ ვერ მოხერხდება,  რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, რაც მმართველი გუნდისთვის არახელსაყრელია. 

დმანისელი ოპოზიციონერების თქმით, სწორედ ამის თავიდან ასარიდებლად ქართულმა ოცნებამ პოლიტიკოსებზე ზეწოლა დაიწყო. რამიზ რამაზანოვი უკვე გაათავისუფლეს სკოლიდან, რომლის დირექტორიც იყო. 


close დახურვა