არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ, 31 ივლისს ბათუმში, რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლისას საზოგადოების პროტესტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ "პოლიციამ ამჯერადაც არ დაიცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და აქციის მონაწილეებს ხელი შეუშალა პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვაში".
NGO-ების შეფასებით, განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტრუმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება.
"2023 წლის 31 ივლისს, ქ. ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ ამჯერადაც არ დაიცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და აქციის მონაწილეებს ხელი შეუშალა პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვაში. პროტესტის გამოხატვის ხელშესაშლელად პოლიციამ ფიზიკურ დაბრკოლებებთან ერთად, აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკაც გამოიყენა. დაკავებულების რაოდენობა 20-ზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს აქვს უფლება, დაკავებისთანავე შეხვდეს ადვოკატს, ამ უფლებით სარგებლობა პოლიციამ დააბრკოლა. დაკავებულთა უმრავლესობას ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ, თუმცა, გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მათთვის უცნობი იყო, სად იმყოფებოდნენ დაკავებული პირები. დაკავებულთა მონახულება მხოლოდ დღის ბოლოს, სხვადასხვა ქალაქების (ზუგდიდის, ოზურგეთის, სენაკის, სამტრედიის) დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, რაც, როგორც დაკავებისას, ასევე, დაკავების შემდგომაც გაგრძელდა. უკანონო დაკავება ამ დრომდე არ დასრულებულა და აქციის მონაწილეები იზოლატორებში რჩებიან. უცნობია, როდის მოხდება მათი გადაყვანა სასამართლოში.
განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტრუმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება.ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავება და დაკავების შემდგომი პრაქტიკა მიუღებელია და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ აქტივისტების უფლებები და მათთან ერთად შევეწინააღმდეგოთ უკანონო დაკავების პრაქტიკას", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- უფლებები საქართველო
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- ღია საზოგადოების ფონდი
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
31 ივლისს, პარტია დროაში განაცხადეს, რომ ბათუმში, რუსების კრუიზის პროტესტზე დაკავებისას გენრი დოლიძეს პოლიციამ სცემა. შსს-ის ცნობით, ამავე დღეს, ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე 23 ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები ბათუმში, საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ.
ბათუმში, მოქალაქეები რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამდე შეიკრიბნენ. აქცია გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი - ლაინერი Astoria Grande აჭარას გვიან ღამით დატოვებს.
ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.
ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.
მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.
ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.