8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ღია საზოგადოების ფონდის ლიდერობით, მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას ასახავს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, ამ დროისთვის შესრულებული არ არის ევროკავშირის ხუთი პირობა, დიდწილად შეუსრულებელია ორი, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი და შესრულებულია მხოლოდ ერთი პირობა.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე საგრძნობი პროგრესი არ შეიმჩნევა.
შესასრულებელია: დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია გარემო, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
ნაწილობრივ შესრულდა: საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გაძლიერება, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი;
მეტწილად შესრულდა: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა
შესრულებულია: ECHR-ის გადაწყვეტილებების პრაქტიკული გათვალისწინება
"დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს.
სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს. დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია"- ნათქვამია განცხადებაში.
2023 წლის შემოდგომაზე, ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მდგომარეობას შეაფასებს.