არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მეტროპოლიტენში შრომის ინსპექციის შესვლასა და იქ არსებული უსაფრთხოების ნორმების შემოწმებას ითხოვენ.
NGO-ების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მერიამ უნდა უზრუნველყოს პანდემიური სიტუაციის მართვა და შრომის უსაფრთხო გარემო კადრების უცხოეთიდან ჩამოყვანის გარეშე. შემუშავდეს მეტროს უსაფრთხო ფუნქციონირების მყისიერი გეგმა პროფკავშირის, ერთობა 2013-ის და დასაქმებულების ჩართულობით.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანია და თბილისის მერია პასუხისმგებლობას ირიდებს თბილისის მეტროპოლიტენში განვითარებულ მოვლენებზე, რადგან არ იყო გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები მუშაობის პროცესში. ერთობა 2013-ის ინფორმაციით, კოვიდ-19-ით დაინფიცირებულია კომპანიაში დასაქმებული მეტროს ორივე ხაზზე მომუშავე 50 მემანქანე. ამასთანავე, დაინფიცირებულნი არიან მეტროპოლიტენში მომუშავე სხვა პოზიციებზე დასაქმებულებიც. ყოველივე ეს მეტროს გამართულ და უსაფრთხო მუშაობას აფერხებს. პანდემიური პროცესის სამართავად, მერის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ვარაუდობენ, დასაქმებულების უცხოეთიდან, კერძოდ, ბელარუსიიდან, ჩამოყვანილი კადრებით ჩანაცვლებას, რაც კიდევ ერთხელ ააშკარავებს მერიის გულგრილ დამოკიდებულებას საკუთარი მოქალაქეების, ამ შემთხვევაში, მეტროს მუნიციპალიტეტში დასაქმებულების ჯანმრთელობის მიმართ. აღსანიშნავია, რომ მერის ამ შემოთავაზების განხორციელება ტექნიკურადაც შეუძლებელია", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მთავრობის ახალმა გეგმამ და შეთანხმებულმა რეჟიმმა არ უნდა გააურესოს დასაქმებულთა მდგომარეობა და ყველას უნდა შეუნარჩუნდეს სრულად არსებული ხელფასი და სოციალური დაცვის გარანტიები.
განცხადების ხელმომწერები ორგანიზაციები არიან:
პროფკავშირების ახალი გაერთიანება (NCIU);
თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი - ერთობა 2013;
ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი - სოლიდარობის ქსელი;
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
გუშინ, 25 ნოემბერს ერთობა 2013-მა განცხადა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. პროფესიულ კავშირში აცხადებდნენ, რომ არსებობს მეტროს მუშაობის შეჩერების საფრთხე. პროფესიულმა კავშირმა სრული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს დააკისრა.
მოგვიანებით, სატრანსპორტო კომპანიამ ერთობა 2013-ს უპასუხა. კომპანიაში განაცხადეს, რომ რეალურად, ინფიცირებულია 25-მდე მემანქანე და მეტროს მუშაობა შეფერხება არ ემუქრება.
ამასთან, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მემანქანეების ინფიცირების მიუხედავად, მეტროპოლიტენის მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება. მისი თქმით, მინსკთან აქვთ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საჭიროებისამებრ, ბელარუსიდან ჩამოიყვანენ მემანქანეებს.
პროფესიულმა კავშირმა ერთობა 2013 დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა და მერია და სატრანსპორტო კომპანია ტყუილში დაადანაშაულა. კერძოდ, პროფკავშირში აცხადებენ, რომ ინფიცირებულია 50-მდე მეტროს მემანქანე და არა 25, როგორც ეს გუშინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ამასთან, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის მეტროს მოძრაობაც, აიკრძალა.
24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვრიდან 15 იანვრამდე აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში და კვლავ შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტი.
16 იანვრიდან 31 იანვრამდე კვლავ აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა (გარდა შაბთ-კვირისა);