logo
ENG



NGO-ები: საქართველოს სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ

19 სექ 202312:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/19/ucq7xb0srq1ggs8.png

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ საქართველოს სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ. NGO-ები მიუთითებენ მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან ოთარ ფარცხალაძის კავშირებზე და აცხადებენ, რომ არაერთ მხილებულ დანაშაულზე მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება, სავარაუდოდ, ამის გამო არ მომხდარა.

"სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ქართულმა საზოგადოებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან შეიტყო და არა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან.

რთულად დასაჯერებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამსახურებს ამის შესახებ ცნობები არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ სანქცირების შესახებ ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება ჯერ არ მოუხდენია, რაც, სავარაუდოდ, ფარცხალაძის გავლენებს უკავშირდება.

სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, სამსახურმა ინფორმაციის შესწავლა დაიწყო, თუმცა, ცხადია, ასეთ ვითარებაში არ არსებობს სწრაფი და ობიექტური გამოძიების დაწყებისა და წარმოების მოლოდინი. უფრო მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პირები აღნიშნული ფაქტის გადაფარვით არიან დაკავებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობოების შეფასებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებული მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ სუს მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ ფუნქციას ჯეროვნად არ ასრულებს და მმართველ პარტიასა და მისი დამფუძნებლის უახლოეს გარემოცვაში რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების ჩანერგვა ადვილად ხდება. მათი თქმით, ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.

"ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმი. სუს-ის უფროსმა ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს უკავშირდება. ასევე სუს-მა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, კონკრეტულად რა ნაბიჯები იდგმება საქართველოს რუსული სპეცსამსახურების ქსელის გასანეიტრალებლად.

დღეს, როგორც არასოდეს, აშკარაა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები არაეფექტიანი არიან ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში და საჭიროებენ სერიოზულ რეფორმირებას, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სექტორში დემოკრატიული კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვას", - აცხადებენ NGO-ები.

გავრცელებული განცხადების ხელმომწერები არიან:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  • საზოგადოება და ბანკები;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი;
  • საფარი;
  • უფლებები საქართველო;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • დემოკრატიის მცველები;
  • სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის;
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (weg).

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.


close დახურვა