კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შემაშფოთებლად მიიჩნევს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით უყრის კენჭს.
ორგანიზაციები სამწუხაროდ მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი, წინა წლების მსგავსად, წინასაახალწლო პერიოდში, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გარეშე მიმდინარეობს.
27 დეკემბერს პარლამენტის ბიურომ დაადასტურა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა, იურიდიულმა კომიტეტმა კი მხარი დაუჭირა.
ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მოსამართლეს ეკრძალება აზრის გამოთქმა "გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან - პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით". წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების სენსიტიურობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი დაჩქარებული წესით განხილვა კიდევ უფრო მეტად გაუმართლებელია.
NGO-ები მიუთითებენ, რომ დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატება პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას.
"მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის დისპოზიცია და ახალი სახდელის სახეები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შემოთავაზებული რეგულაციები კონკრეტული მოსამართლეების დასჯასა და სისტემაში განსხვავებული აზრის სრულად გაქრობას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, შემდგარი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, წარმოუდგენელია საზოგადოებრივი ჩართულობისა და საჯარო ფორმატში განხილვის გარეშე. შესაბამისად, საქართველოში, სადაც სასამართლოს სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობაა, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს საჭიროებს". - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.
ქართული ოცნების კანონპროექტით, ასევე, უქმდება უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვა.
ასევე, კანონპროექტით, შემცირებულია დისციპლინური სამართალწარმოების ვადები და გამარტივდა დარღვევის კვორუმი - მოქმედი კანონმდებლობით ამისთვის საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ია საჭირო, ცვლილებებით კი საკმარისი იქნება ხმათა უმრავლესობა.
კოალიცია მიუთითებს, რომ ბოლო 6 თვეა, პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 არამოსამართლე წევრს არ ირჩევს.
"აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ათივე მოქმედი წევრის მხარდაჭერა. ხშირად ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე (მაგ. წევრის აცილება მოსამართლესთან კავშირის გამო) კვორუმის შეკრება შეუძლებელია. მეორე მხრივ, პარლამენტის მიერ არამოსამართლე წევრების დასანიშნად აუცილებელია კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ვინაიდან სახელისუფლებო გუნდს გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა საკმარისი რაოდენობა არ აქვს.
შესაბამისად, მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ინიცირება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მათ არ აქვთ სურვილი ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგი წარმართონ, ასევე ისინი კიდევ ერთხელ ღიად უწყობენ ხელს სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ინტერესების გაძლიერებას.
გარდა ამისა, იმ ფონზე, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია საუბრობს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კონსენსუსზე ორიენტირებული წესის ამოქმედებისა და არამოსამართლე წევრების ხმების გათვალისწინების აუცილებლობაზე, დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმის 2/3 უმრავლესობის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია.
უნდა აღინიშნოს, რომ წლებია სასამართლო სისტემის კრიტიკისას მთავარი აქცენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმისა და კლანურობის პრაქტიკაზე კეთდება. ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი და იმავე პირების მიერ ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავების ცალსახა შემთხვევებიც უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა იმ მცირერიცხოვან პოზიტიურ საკანონმდებლო ჩანაწერებში შედიოდა, რომელიც ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ პარლამენტს:
- შეაჩეროს ინიცირებული კანონპროექტის განხილვა;
- შექმნას კონსენსუსზე და საზოგადოების ფართო მონაწილეობაზე ორიენტირებული ფორმატი, მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის საჭიროების შესასწავლად და შესაბამისი ცვლილებების მოსამზადებლად". - ნათქვამია განცხადებაში.