logo
ENG



NGO-ები: ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

14 დეკ 202214:42
3 წუთის საკითხავი
 
NGO-ები: ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მოუწოდებენ ხელისუფლებას, ჯეროვნად გაიაზროს ვალდებულებები და იტვირთოს პასუხისმგებლობა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

NGO-ები მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს სააკაშვილთან დაკავშირებით "აღმაშფოთებელსა და ცინიკურს" უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად შეუსაბამოა როგორც საქართველოსა და საერთაშორისო სამართალთან, ასევე ევროკავშირის წევრობის პოლიტიკურ მიზანთან.

"ვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების ფაქტს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სახალხო დამცველის სპეციალური კონსილიუმის დასკვნისა და ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება არ აღიარებს პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის მყისიერი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. სახალხო დამცველის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იძლევა სასჯელის გადავადების საფუძველს.

უკიდურესად აღმაშფოთებელი და ცინიკურია მმართველი პარტიის მაღალჩინოსანთა განცხადებები, რომელიც პატიმრის სიკვდილის შესაძლებლობას სრული გულგრილობით ეკიდება. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე „უფალს აბარია“ და „მასზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს“. მმართველი პარტია დღემდე არ აღიარებს სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებას, რიგი წევრები კი სააკაშვილის სიკვდილს, შეიძლება ითქვას, სიხარულითაც ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ერთხელ უკვე დადგა კრიტიკული საფრთხის წინაშე, რისი მიზეზიც სწორედ ის იყო, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას ხელისუფლება კვირების მანძილზე ყურადღებას არ აქცევდა.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად შეუსაბამოა როგორც საქართველოსა და საერთაშორისო სამართალთან, ასევე ევროკავშირის წევრობის პოლიტიკურ მიზანთან. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება და ლეტალური შედეგის დადგომა იქნება არამხოლოდ ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა, არამედ პოლიტიკური კოლაფსიც, რომელიც საქართველოს რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჯეროვნად გაიაზროს სახელმწიფოს ვალდებულებები ადამიანის ძირითადი უფლებების სფეროში, შეწყვიტოს გულგრილი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისადმი და იტვირთოს პასუხისმგებლობა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ჩანიშნული სასამართლო სხდომები უმოკლეს დროში გაიმართება, ხოლო სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ და მხოლოდ მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესით"- ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი უერთდება განცხადებას;
  • საფარი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • პრევენცია პროგრესისთვის;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • უფლებები საქართველო;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა - ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. რასა იუკნევიჩიენემ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი მათ სინდისზე არ იყოს. ამის შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაიაროს.


close დახურვა