logo
ENG



NGO-ები: ხელისუფლებისთვის საუკეთესო გამოსავალი ისევ უმცირესობების ხმის დახშობა აღმოჩნდა

05 ივლ 202121:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/05/ygjdz3u4qlh13pv.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებულ აქციაზე მომხდარი ფაქტები დროულად გამოიძიოს.

მათი თქმით, დღეს ხელისუფლებამ არა თუ ვერ უზრუნველყო წესრიგი და ყველა ჯგუფის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, არამედ ღიად ლოიალური ჩანდა ძალადობრივი, აგრესიული ჯგუფების მიმართ.

"უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც ფართომასშტაბიან აგრესიაში გადაიზარდა და იქცა მედიაზე, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებზე და აქტივისტებზე ორგანიზებულ თავდასხმად. ვიხილეთ უმძიმესი კადრები: ადამიანების ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დისკრიმინაციის და ძალადობის წახალისებისა, რაშიც ძალადობრივ, პრორუსულ ჯგუფებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ სასულიერო პირები. ისინი ავრცელებდნენ ძალადობრივ მესიჯებს და თავადაც მონაწილეობდნენ ძალადობრივ ქმედებების განხორციელებაში.

საქართველოს ხელისუფლებამ არა თუ ვერ უზრუნველყო წესრიგი და ყველა ჯგუფის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, არამედ ღიად ლოიალური ჩანდა ძალადობრივი, აგრესიული ჯგუფების მიმართ. მისთვის საუკეთესო გამოსავალი ისევ უმცირესობების ხმის დახშობა აღმოჩნდა. მან მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, უარი ეთქვათ ღირსების მარშზე. პარალელურად, კადრებში ვხედავდით მოძალადეთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, ადამიანის უფლებათა დარღვევის უმძიმეს ფაქტებს, მედიისთვის პროფესიულ საქმიანობაში მიზანმიმართულ ხელისშეშლას და დაზიანებულ ჟურნალისტებს. მათი მისამართით შინაგან საქმეთა სამინისტრო სიტყვიერი დარიგებით შემოიფარგლა,რაც აღნიშნულმა ჯგუფებმა არც კი გაითვალისწინეს და განაგრძეს ოფისების რბევა და ადამიანებზე ძალადობა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, საფრთხეს უქმნის საზოგადოების მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას, ძალადობრივ, დესტრუქციულ ჯგუფებში კი ღიად ახალისებს დაუსჯელობის სინდრომს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო ყურადღება გამოიჩინოს მომხდარის მიმართ, ეფექტურად და დროულად გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემაძრწუნებელი ფაქტები.

ამავდროულად, სურვილი გვაქვს ჩვენი მტკიცე სოლიდარობა გამოვხატოთ დაზარალებული ჯგუფების მიმართ და უპირობო თანამდგომა გამოვუცხადოთ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ფონდი ფემინა;​ ფემინა; დიღმის ჭალები;​ ადიქციის კვლევითი ცენტრი; ლალი კეკუა; ლინდა ჩიხლაძე; სალომე ლორთქიფანიძე; ნინო დათაშვილი; ქეთევან დობორჯგინიძე; შოთა ციციშვილი; ნათია ხარაზიშვილი; ნათია სტეფანიშვილი; მაკა ნადირაძე.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

საელჩოები ხელისუფლებას ძალადობის აღკვეთისა და დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა