არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი გუნდის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესების დაანონსებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას და გამოსავლის ძიებას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, რაც მათ შორის დაკავშირებულია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმებასთან (შეზღუდვასთან).
"მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით - იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი", - აცხადებენ NGO-ები.
არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, ხელისუფლებას აკისრებს.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მათ მიერ შეფასდა როგორც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI Georgia);
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
მედიის განვითარების ფონდი (MDF);
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR);
საფარი;
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაინიცირებული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შრომის საფასურის განულებას იმ პარლამენტარებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ სხდომას დაესწრებიან.
გარდა ამისა, კანონპროექტით, პარტიას, რომელსაც შეუწყდება საპარლამენტო მანდატები ან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან 1 წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. ამასთან, პარლამენტში რეგისტრაციისთვის შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიებისთვის რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში, პოლიტიკური ლიდერის რანგში, მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებისათვის კონსტიტუციისთვის დადგენილ რომელიმე ცენზს.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან.
ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთვაზეს.
მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.
სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო.