logo
ENG



კობახიძე: პარტიას, რომელიც საპარლამენტო მანდატებს არ ითვისებს, დაფინანსება შეუჩერდება

17 დეკ 202011:59
3 წუთის საკითხავი
clock 1684

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის ქვეშ მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული. კობახიძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს.

კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შრომის საფასურის განულებას იმ პარლამენტარებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ სხდომას დაესწრებიან.

"გუშინ პარლამენტში ინიციატივით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგაა მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ სხდომებს. კანონპროექტით, პარტიას, რომელსაც შეუწყდება საპარლამენტო მანდატები ან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან 1 წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება, რომელსაც რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი ბულინგის ქვეშ მყოფი სხვა პოლიტიკური ჯგუფები ახორციელებენ, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო რეაგირებას საჭიროებას. კობახიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას დაამტკიცებს. 

გარდა ამისა, კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში რეგისტრაციისთვის შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიებისთვის რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში, პოლიტიკური ლიდერის რანგში, მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებისათვის კონსტიტუციისთვის დადგენილ რომელიმე ცენზს.

კობახიძის თქმით, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს მსგავს არაკონსტიტუციურ ქმედებაზე. კობახიძე მიიჩნევს, რომ ინიცირებული კანონპროექტი "საარჩევნო კოდექსში" არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთვაზეს

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. 

სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო. 


close დახურვა