logo
ENG



NGO-ები შსს-ს: ადვოკატებს დაუყოვნებლივ მიეცით ყვარელში დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა

20 მაი 202318:35
3 წუთის საკითხავი
clock 981

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ყვარელში აქციაზე დაკავებულების ადვოკატებს თელავის პოლიციის შენობაში არ უშვებენ, რითაც უკანონოდ ხელს უშლიან დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვაში.

ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მისცენ ადვოკატებს დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა,

NGO-ების თქმით, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებებისას პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები.

მათი თქმით, ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია დაკავებული აქტივისტების მდგომარეობის შესახებ.

NGO-ების განცხადება:

"დღეს ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. ვრცელდება კადრები, სადაც  ჩანს პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. დაკავებულები გადაყვანილნი არიან თელავის პოლიციის შენობასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები დაკავებული პირების უფლებების დასაცავად პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, თუმცა, მათ უკანონოდ ეშლებათ ხელი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვაში. პოლიცია ადვოკატებს არ აძლევს შესაძლებლობას, მოინახულონ დაკავებულები. ასევე, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი ორი საათის განმავლობაში ელოდებოდა დაკავებულთან შეხვედრას, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კლიმიაშვილმა მას იძულებით დაატოვებინა პოლიციის შენობა.

ამ დროისათვის ადვოკატებისათვის უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფებიან დაკავებული აქტივისტები. დაკავებულების უფლებები განგრძობითად ირღვევა.

მივმართავთ:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს - დაუყოვნებლივ მისცენ ადვოკატებს დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედება აღქმული იქნება დაკავებულების დაცვის უფლების შეზღუდვად.

- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას - გამოეხმაუროს ადვოკატების საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს." - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

უფლებები საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

დღეს ყვარლის ტბასთან აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა. 

ასევე ცოტა ხნის წინ თელავში დააკავეს მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარიაც. 

დილიდან ყვარლის ტბის მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს იხდის. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოვიდნენ ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.

დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოჯახის წევრების ყოფნა დაუდასტურა. მელია ყვარლის ტბის მიმდებარედ გუშინ გვიან ღამით ჩავიდა, მას იქ პოლიციელები დახვდნენ მობილიზებულები და სასტუმროში შესვლის საშუალება არ მისცეს.

სწორედ აღნიშნულის გასაპროტესტებლად ჩავიდნენ ყვარელში მოქალაქეები და აქტივისტები. 

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ყვარელში საპროტესტო აქციის დროს მათი წევრები დააკავეს, კერძოდ, დაკავებულთა შორის არიან: პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და სამდივნოს წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი; საგარეჯოს საკრებულოს წევრი, დავით დიღმელაშვილი; გურჯაანის საკრებულოს წევრი, რამაზ ქერეჭაშვილი; ყვარლის საკრებულოს წევრი, ნიკა ღონიაშვილი; თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, დააკავეს ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე და პარტიის წევრები გიორგი და ალიკა მირაქოვები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია. 


close დახურვა