ორგანიზაციებმა, საია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში პირველი საჩივარი წარადგინეს.
საქმე ეხება 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ.
საუბარია დაახლოებით 58 000-მდე ფაილზე, სადაც აღწერილია ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია.
განცხადების მიხედვით, გავრცელებულ ფაილებში არსებული ინფორმაციის ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, მომჩივნებმაც: დავით ჯანდიერმა, ნატალია ფერაძემ, გიორგი ონიანმა, გიორგი მშვენიერაძემ და გურამ იმნაძემ,დაადასტურეს.
ორგანიზაციების თქმით, საქმის წარდგენის მიზანი მიზანი საქართველოში ფარული მოსმენა-მიყურადების კანონმდებლობის კონვენციურ სტანდარტთან შეუსაბამობის გასაჩივრებაა.
„აქვე, ხაზგასასმელია, რომ 2021 წლის 01 აგვისტოსა და 13 სექტემბრის ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიების არსებობა ამ კანონმდებლობისა და პრაქტიკის კიდევ ერთი უარყოფითი მაგალითია, რომელიც, ასევე, საჩივრის ერთ-ერთი სადავო საკითხია. კერძოდ, ამ დრომდე თბილისის პროკურატურას არ მიუნიჭებია პირებისთვის დაზარალებულის სტატუსი, ხოლო, გენერალური პროკურატურა, მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2022 წლის 18 მაისს გავრცელებული ერთობლივი მიმართვისა, ამ დრომდე უმოქმედოა. 2021 წლის სექტემბრიდან 8 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო სისტემური დანაშაულის გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათი დასჯის ინტერესი სახელმწიფოს არ ამოძრავებს” - წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელს უწყობს პოლიციური სისტემის მიერ ტოტალური მიყურადებას. ხელშეწყობის ერთ-ერთ სახედ კი იმ ფაქტს ასახელებს, რომ სასამართლო შესაბამის პირებს დაზარალებულის სტატუსს დღემდე არ ანიჭებს, რაც დაზარალებულებს საგამოძიებო პროცესში უფრო ეფექტიანად ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა.
„საჩივარში დასმული პრობლემები ევროპარლამენტის 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაშიც აისახა, სადაც, პარლამენტი, სხვა მოთხოვნათა შორის, ასევე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით და დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის” - წერია განცხადებაში.
მომჩივანი მხარე აცხადებს, რომ დავის საგანი ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევა წარმოადგენს. გარდა ამისა ორგანიზაციები ითხოვენ, რომ წინამდებარე საქმეს ე.წ. ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი (‘IMPACT CASE’) მიენიჭოს, ხოლო, სასამართლომ დაავალდებულოს სახელმწიფო, სრულად და ჯეროვნად წარუდგინოს საგამოძიებო მასალები.
„წინამდებარე საქმის წარმატებული წარმოება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ქართულ კანონმდებლობაში და შექმნის ძლიერ გარანტიებს ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, რაც, ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმტკიცებას და შეასუსტებს პოლიციურ რეჟიმს, რომელიც უკვე წლებია სწორედ ფარული მოსმენების საშუალებით ყოველდღიურად არღვევს მრავალი ადამიანის უფლებას” - აცხადებენ საია და საერთაშორისო გამჭვირვალობა.
საჩივრებში დავის საგანს ევროპული კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლების დარღვევა წარმოადგენს, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებებს იცავს. ასევე, საჩივრებში მოთხოვნილია, რომ წინამდებარე საქმეს ე.წ. ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი (‘IMPACT CASE’) მიენიჭოს, ხოლო, სასამართლომ დაავალდებულოს სახელმწიფო, სრულად და ჯეროვნად წარუდგინოს საგამოძიებო მასალები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.